საქსტატის ცნობით, მაისში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 1064 შუამდგომლობიდან 486 პირს პატიმრობა, 576-ს კი, გირაო შეეფარდა
საქსტატის ცნობით, მაისში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 1064 შუამდგომლობიდან 486 პირს პატიმრობა, 576-ს კი, გირაო შეეფარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მაისში, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1221 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 155 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 12.7%-სშეადგენს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წლის მაისში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულია საგამოძიებო ორგანოებიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე შესული 1064 შუამდგომლობა. განხილული შუამდგომლობებიდან პატიმრობა 486 პირს შეეფარდა, ხოლო გირაო – 576-ს.

2020 წლის მაისში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა განიხილეს 833 საქმე 913 პირის მიმართ, აქედან განაჩენის გამოტანით განხილულია 813 საქმე, ანუ 97,6%, შეწყდა 11 საქმე (1,3%), ხოლო 9 საქმე პროკურატურას დაუბრუნდა.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის მაისში განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან, საპროცესო შეთანხმებით განხილული იყო 540 საქმე 597 პირის მიმართ, ხოლო არსებითი განხილვით დამთავრდა 273 საქმე 293 პირის მიმართ. არსებითი განხილვით დამთავრებული 273 საქმისადმი, გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 245 საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი – 20 საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი კი რვა საქმეზე.

2020 წლის მაისში სულ მსჯავრდებული 869 პირიდან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 282 პირს, პირობითი მსჯავრი – 428 პირს, ჯარიმა – 120 პირს, და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 38 პირის.