საქსტატის ცნობით, ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 9.9 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 5.8 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.
ასევე, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (4.7 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (2.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.7 პროცენტი); დასვენება, გართობა და კულტურა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: აუდიო ვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობები (3.3 პროცენტი), წიგნები, გაზეთები და საკანცელარიო ნივთები (2.0 პროცენტი);
„სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში შეადგინა 0.06 პროცენტული პუნქტი. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ღამის გასათევით მომსახურების (4.6 პროცენტი), ისე საზოგადოებრივი კვების (0.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.4 პროცენტით, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.2 პროცენტი). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.7 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.4 პროცენტი), თევზეული (2.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილისა და ყურძნის (-4.4 პროცენტი), ასევე რძის, ყველისა და კვერცხის (-3.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (47.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), თევზეული (11.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-19.5 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც 2.54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.4 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-6.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.