საქსტატის ცნობით, ივნისში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 1 646 შუამდგომლობიდან 686 პირს პატიმრობა, 956-ს კი გირაო შეეფარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 917 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 244 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 12.7 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულია საგამოძიებო ორგანოებიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე შესული 1 646 შუამდგომლობა. განხილული შუამდგომლობებიდან პატიმრობა 686 პირს შეეფარდა, ხოლო გირაო – 956-ს.
2020 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა განიხილეს 1 303 საქმე 1 416 პირის მიმართ, აქედან განაჩენის გამოტანით განხილულია 1 283 საქმე, ანუ 98,5 პროცენტი, შეწყდა შვიდი საქმე (0.5%), ხოლო 13 საქმე პროკურატურას დაუბრუნდა.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის ივნისში განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან, საპროცესო შეთანხმებით განხილული იყო 852 საქმე 919 პირის მიმართ, ხოლო არსებითი განხილვით დამთავრდა 431 საქმე 477 პირის მიმართ. არსებითი განხილვით დამთავრებული 431 საქმისადმი, გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 377 საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი – 40 საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი კი 14 საქმეზე.
2020 წლის ივნისში სულ მსჯავრდებული 1 351 პირიდან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 343 პირს, პირობითი მსჯავრი – 717 პირს, ჯარიმა – 218 პირს, და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 73 პირის.