საქსტატის ცნობით, ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში მსხვილი ბიზნესის წილი 51.9 პროცენტს შეადგენს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა და 29 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის მესამე კვარტალში მისი მოცულობა 12.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 19.8 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2019 წლის მესამე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 51.9 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.9 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 28.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 38.2 პროცენტი, საშუალოზე – 23.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 38.1 პროცენტი.
საქსტატის ცნობით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წლის მესამე კვარტალში 18.3 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.0 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 10.4 მილიარდი ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.9 პროცენტით მეტი).