საქსტატის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ტურიზმი 3.4 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 887.2 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.0 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.4 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 430.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 37.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 53.9 პროცენტს შეადგენდა.
ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 32.1 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 15.0 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა – 53.5 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ყველაზე მეტი ვიზიტი თვეში, საშუალოდ 305.1 ათასი განხორციელდა თბილისსა და იმერეთის რეგიონში – საშუალოდ 178.5 ათასი ვიზიტი თვეში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 127.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 4.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 10.7 პროცენტით და 122.3 ლარს უტოლდება.