საქსტატი - წლიური ინფლაცია 4.9 პროცენტამდე გაიზარდა, თამბაქოს გარეშე კი, 4.2 პროცენტამდე
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.9 პროცენტი შეადგინა.
ამ მონაცემებით, წლიური ინფლაცია საქართველოში მაქსიმალურ დონეზეა 2017 წლის დეკემბრის შემდეგ.
ამასთან, საქსტატი აქვეყნებს ინფლაციის მაჩვენებელს თამბაქოს გარეშე, რომელიც წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 4.2 პროცენტით
სტატისტიკით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.5 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი – 4.8 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 2.3 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 1.6 პროცენტი, თევზეული – 1.3 პროცენტი, ზეთი და ცხიმი – 1.2 პროცენტი. ამასთან ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 2.2 პროცენტით.
ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.6 პროცენტიანი მატება, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 2.0 პროცენტით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 0.9 პროცენტით. ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე 0.5 პროცენტით.
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში კი, ფასები მომატებულია 0.7 პროცენტით, მათ შორის სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე 1.6 პროცენტით.