საქსტატი - წლის მესამე კვარტალში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სმასახურის ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 13 446.5 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 7.2 პროცენტით.
უწყება განმარტავს, რომ ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა – 17.1 პროცენტით; საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 9.8 პროცენტი; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 19.9 პროცენტი; დამამუშავებელი მრეწველობა – 4.9 პროცენტი; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 18.2 პროცენტი; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 3.8 პროცენტი; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 8.1 პროცენტი, განათლება – 6.3 პროცენტი.
ასევე, კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში (-2.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში (-2.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობის და თავდაცვის, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების დარგში (-4.0 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა – 14.3 პროცენტით და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 10.9 პროცენტით.