საქსტატი - წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (6.8 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარს (14.1 პროცენტით ნაკლებია).
საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-თებერვალში, 664.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.
ამასთან, 2021 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 94.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 52.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 50.0 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 98.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 90.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 83.5 მლნ. აშშ დოლარით.