საქსტატი წელს ახალი კვლევების ჩატარებას გეგმავს
საქსტატი წელს ახალი კვლევების ჩატარებას გეგმავს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლიდან ახალი სტატისტიკური კვლევების ჩატარებას გეგმავს.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა უკვე არსებულ კვლევებს, კიდევ რვა ახალი მიმართულება დაემატება, ესენია: დროის გამოყენების გამოკვლევა, დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოკვლევა სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, შუალედური მოხმარების გამოკვლევა, გამყვანი ტურიზმის გამოკვლევა, სამეცნიერო დაწესებულებებში მეცნიერული კვლევებისა და დამუშავების გამოკვლევა, ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სტატისტიკური გამოკვლევა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გამოკვლევა და მომხმარებელთა კმაყოფილების დონის გამოკვლევა.

ასევე, უწყება 2019-2023 წლების სტატისტიკის განვითარების ეროვნულ სტრატეგიაზე იმუშავებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, სტატისტიკის არეალის კიდევ უფრო მეტად გაფართოება, სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესება.

ამასთან, მიმდინარე წელს სტატისტიკის სამსახურს დაგეგმილი აქვს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა, თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირება და ცვლილებები სამუშაო ძალის გამოკვლევაში, რეგიონულ დონეზე სტატისტიკის გაუმჯობესება (ხელფასების კალკულატორი და სხვა).

გარდა ამისა, იგეგმება საჯარო ლექციები მაჩვენებელთა გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესახებ. ასევე, საქსტატი წელს საგარეო ვაჭრობის, ეროვნული ანგარიშების, ბიზნესისა და სოციალური სტატისტიკის მიმართულებით დანიასთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.