საქსტატი - თებერვალში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 231.3 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
მიმდინარე წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 226.2 ლარი იყო, თებერვალში ეს მაჩვენებელი 5.1 ლარით გაიზარდა, ჯამში კი 231.3 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვართან შედარებით, თებერვალში 4.5 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 204.9 ლარს შეადგენს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.