საქსტატი - სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე საქართველოში მხოლოდ 470 მკვლევარი მუშაობს
საქსტატი - სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე საქართველოში მხოლოდ 470 მკვლევარი მუშაობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 63 დაწესებულება, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 202.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 18.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით გაიზარდა და 15 215 შეადგინა, რომელთაგან 13 114 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები. მკვლევარების 54.4 პროცენტი ქალია, ხოლო 45.6 პროცენტი – კაცი. მკვლევართა 68.8 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 28.4 პროცენტი – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.8 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.

რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 22.0 პროცენტი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე, ხოლო კაცების შემთხვევაში – 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (26.6 %).

ამასთან, უწყების ანგარიშით, მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 215 კაცს შეადგენს. ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 470 პირია დასაქმებული.