საქსტატი შესაძლოა, სიღარიბის დონის შეფასების ახალ მოდელზე გადავიდეს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებს უმასპინძლა.
საქსტატის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა საქართველოში სიღარიბის რუკის შემუშავების საკითხებს დაეთმო.
შეხვედრას ესწრებოდა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი და შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები. მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს გააცნეს მცირე ტერიტორიული ერთეულებისთვის სიღარიბის დონის შეფასების უახლესი სტატისტიკური მოდელები და სიღარიბის რუკის მაგალითები სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში აღნიშნული მოდელების და მეთოდოლოგიის გამოყენების შესაძლებლობები.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიო ბანკთან სიღარიბის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.