საქსტატი - სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.9 პროცენტიანი ზრდა.
მათივე ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 1.0 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 1,5 პროცენტიანი ზრდა კვების პროდუქტებზე და 2,3 პროცენტიანი ზრდა ძირითად ლითონებზე.
საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ისეთ ჯგუფზე, როგორიცაა წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით (20.1 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 5.0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც მთლიანი ინდექსის პროცენტულ ზრდაში 0.47 შეადგინა.
„მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.2 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით შემცირდა 5.5 პროცენტით; სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 16.0 პროცენტით; მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.8 პროცენტით“, – აცხადებენ საქსტატში.