საქსტატი - სექტემბერში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 1 457 შუამდგომლობიდან 612 პირს პატიმრობა, 844-ს კი, გირაო შეეფარდა
საქსტატი - სექტემბერში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 1 457 შუამდგომლობიდან 612 პირს პატიმრობა, 844-ს კი, გირაო შეეფარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულია საგამოძიებო ორგანოებიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე შესული 1457 შუამდგომლობა. განხილული შუამდგომლობებიდან პატიმრობა 612 პირს, ხოლო გირაო 844-ს შეეფარდა.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის სექტემბრის თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1705 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 148 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 8,7%-ს შეადგენს.

2020 წლის სექტემბერში პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილულია 1 188 საქმე 1 283 პირის მიმართ, აქედან განაჩენის გამოტანით განხილულია 1 147 საქმე, შეწყდა 32 საქმე, ხოლო პროკურატურას დაუბრუნდა ცხრა საქმე.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან საპროცესო შეთანხმებით განხილული იყო 723 საქმე 779 პირის მიმართ, ხოლო არსებითი განხილვით დამთავრდა 424 საქმე 461 პირის მიმართ.

„2020 წლის სექტემბერში პირველი ინსტანციის სასამართლოებში არსებითი განხილვით დამთავრებული 424 საქმიდან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 372 საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი – 32 საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი 20 საქმეზე. მიმდინარე წლის სექტემბერში სულ არსებითი განხილვით მსჯავრდებული, გამართლებული და შეწყვეტილი 494 პირიდან გამართლებულ პირთა ხვედრითი წილი შეადგენს 7,1%-ს, ნაწილობრივ გამართლებული პირების ხვედრითი წილი – 4,0%-ს, ხოლო იმ პირების ხვედრითი წილი, რომელთა მიმართ საქმე შეწყდა შეადგენს 6,7%-ს“, – აცხადებენ საქსტატში.