საქსტატი - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდებას რესპონდენტების 69.0 პროცენტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა
საქსტატი - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდებას რესპონდენტების 69.0 პროცენტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე „კოვიდ-19“-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევას აგრძელებს.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდებას რესპონდენტების 69.0 პროცენტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა, ხოლო 31.0 პროცენტი იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებდა.

იმის მიზეზად, თუ რატომ ვერ ახერხებდნენ, რესპონდენტების 82.8 პროცენტის მიერ სახელდება საყიდლებზე წასვლა, 71.9 პროცენტის მიერ სამსახურში სიარული, 22.4 პროცენტის მიერ აფთიაქში წასვლა, 22.0 პროცენტის მიერ სტუმრად წასვლა ან შეხვედრა ვინმესთან, 9.0 პროცენტის მიერ ვიზიტი კერძო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად. 8.2 პროცენტი მიზეზად სახელმწიფო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად ვიზიტს ასახელებს, 4.4 პროცენტი სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტს, ხოლო რესპონდენტების 0.4 პროცენტი კორონავირუსის ტესტის ჩატარებას.

ამასთან, საქსტატის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხვამდე გასული შვიდი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისას, „კოვიდ-19“-სგან თავდაცვის მიზნით, რესპონდენტების 86.1 პროცენტი პირბადეს ატარებდა ყოველთვის, 11.5 პროცენტი — ხშირად, 1.4 პროცენტი — ხანდახან, 0.7 პროცენტი — იშვიათად, 0.3 პროცენტი — არასდროს.