საქსტატი - სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 4.6 პროცენტით შემცირდა, დსთ-ის ქვეყნებთან კი 0.9 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 620.1 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 16.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 1 667.5 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია (10.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა.
სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 287.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.9 პროცენტით განისაზღვრა.
2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 430.9 მილიონი აშშ დოლარის საქონელი, რაც 23.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 704.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა (12.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 პროცენტია.
სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 135.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 7.3 პროცენტი იყო.