საქსტატი - საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წელს წინა წელთან შედარებით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2018 წელთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.6 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ათი წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება.
სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.9 პროცენტი შეადგინა. 2018 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.0 და 0.2 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ამასთან, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაქირავებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულებს.
როგორც საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
2018 წელთან შედარებით 2019 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია მხოლოდ გურიისა და კახეთის რეგიონებში, შესაბამისად 0.8 და 0.1 პროცენტული პუნქტით. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ყველაზე დიდი კლება ფიქსირდება შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში – 3.0 და 2.1 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. წინა წელთან შედარებით, 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და შესაბამისად 10.1 და 12.8 პროცენტს შეადგენს. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.0 პროცენტული პუნქტით. ასევე 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში – 0.1 პროცენტული პუნქტით.
2019 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (30.5 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65 ასაკობრივ ჯგუფში (2.4 პროცენტი), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი.
საქსტატის განმარტებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დასაქმებისა და უმუშევრობის შეფასება ხორციელდება „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მეთოდოლოგიის მიხედვით. ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს თავის შრომას იმ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ეროვნული ანგარიშების სისტემაში ეროვნული პროდუქტის განსაზღვრის ჩარჩოებში ხვდება. დასაქმებული (დაქირავებული ან თვითდასაქმებული) კი, არის 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე ერთი საათი მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ შინამეურნეობის სხვა წევრებს, ან რამე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. დასაქმებულად მიიჩნევა, არა მხოლოდ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაქირავებით დასაქმებულია კერძო ან სახელმწიფო სექტორში და იღებს გასამრჯელოს ხელფასის სახით, აგრეთვე მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მოგების, შემოსავლის (ფულით ან ნატურის სახით) ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით ეწევა გარკვეულ საქმიანობას. უმუშევრობის დონე კი, არის უმუშევართა პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში.