საქსტატი - საქართველოში მცხოვრები ოჯახების 86.1 პროცენტი ინტერნეტით უზრუნველყოფილია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტით აღემატება
შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2021 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 86.1 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.
ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო, ხოლო 4.4 პროცენტული პუნქტით სასოფლო დასახლებებში, და შესაბამისად, 91.4 და 78.9 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და 94.8 და 94.4 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა ექვსი წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის 77.4 პროცენტმა, რაც 3.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 83.8 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 67.6 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 76.8 პროცენტს, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში, 78.0 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 97.8 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო სამი თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 91.7 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 7.2 პროცენტი – კვირაში ერთხელ მაინც, 1.1 პროცენტი კი – უფრო იშვიათად.
საქსტატის ცნობით, 15 წლისა და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.3%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (54.3%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (50.7%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (46.6%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.5%), ინტერნეტბანკინგით სარგებლობა (36.4%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (17.0%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (12.3%).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლისა და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 21.2 პროცენტმა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. 15 წლისა და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 97.6 პროცენტმა გამოიყენა მობილური მოწყობილობა უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 97.8 პროცენტს, ხოლო მამაკაცებისათვის – 97.3 პროცენტს შეადგენს. ამასთან, ასაკობრივ ჭრილში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (99.7%) 15-29 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა.