საქსტატი - საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 38.5 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის მესამე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.5 პროცენტით გაიზარდა და 40.5 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის მესამე კვარტალში მისი მოცულობა 15.0 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 29.0 პროცენტით მეტია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 18.0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 21.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 42.1 პროცენტი, საშუალოზე – 27.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 30.5 პროცენტი.
ამასთან, უწყების მონაცემებით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა საანგარიშო პერიოდში 22.0 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.7 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 13.7 მლრდ. ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 38.2 პროცენტით აღემატება.