საქსტატი - სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 0.2 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 0.2 პროცენტიანი კლება.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით ფასები 3.5 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.22 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები 1.0 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.81 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 1.9 პროცენტიანი ზრდა ძირითად ლითონებზე და 0.8 პროცენტიანი ზრდა კვების პროდუქტებზე.
გარდა ამისა, ფასების 4.0 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12 თვიან პერიოდში კი ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 6.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.38 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების 5.9 პროცენტიანი მატება ლითონის მადნებზე;
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -0.36 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები – ფასები -11.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო ძირითად ლითონებზე ფასების -10.8 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა;
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 0.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.08 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 3.7 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.12 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.