საქსტატი - სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში გაზრდილია
საქსტატი - სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში გაზრდილია

2018 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის ზრდამ 3,8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ფასები 0,1 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (0,7 პროცენტი), ასევე რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (3,8 პროცენტი). ფასები შემცირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1,2 პროცენტი).

მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 0,5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2,5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2,01 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (2,8 პროცენტი), სხვა არალითონის მინერალურ ნაწარმზე (3,5 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (3,1 პროცენტი). ფასები შემცირდა მერქანსა და მერქნის ნაწარმზე (-8,3 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 15,4 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1,97 პროცენტული პუნქტით აისახა.

რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს, ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0,9 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე 1,0 პროცენტით, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და ცხელი წყლის ჯგუფზე 0,5 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა 5,3 პროცენტით. ფასების 3,2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. ფასები 15,4 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და ცხელი წყლის ჯგუფზე, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასების 3,4 პროცენტიანი მატება დარეგისტრირდა.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2,0 პროცენტით შემცირდა. ფასების 2,2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი შემცირდა 0,2 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0,7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები შემცირდა 5,8 პროცენტით.

რაც შეეხება იმპორტს, იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2,5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 2,9 პროცენტიანი ზრდა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები 2,7 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ასევე 2,7 პროცენტიანი მატება ფიქსირდება სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 38,9 პროცენტიანი ზრდა.