პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც სტუდენტებს პროფესიულ პროგრამებზე იღებდნენ, 2018 წლის ბოლოსთვის იყო 118, აქედან 39 საჯარო და 79 კერძო.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით სტუდენტების მიღება შემცირებულია 24,4 %-ით. ჩარიცხული სტუდენტების უმეტესობა მოდის ინჟინერიის პროგრამებზე (31.6 %), ჯანდაცვის (15.8 %), ბიზნესის ადმინისტრირებაზე (15.0 %) და აგრარულ მეცნიერებებზე (14.5 %).
რაც შეეხება მონაცემებს რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების მიხედვით ლიდეროებს თბილისი (46,7 %), რომელსაც მოსდევს აჭარა (22,4 %), იმერეთი (6,8 %), კახეთი (6,0%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (5,5 %) და ქვემო ქართლი (1,1 %).
2018 წელს კურსდამთავრებულთა რაოდენობა იყო 12 ათასი სტუდენტი. 2017 წელთან შედარებით, კურსდამთავრებულთა რაოდენობა 22,3 %-ით არის გაზრდილი.
განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ირინა წეროძის განმარტებით, კლების ტენდენციის მიზეზი ის არის, რომ გაზრდილია ე.წ. კონკურსიანი ანუ იმ პროგრამების რაოდენობა, სადაც ერთ ადგილზე რამდენიმე პრეტენდენტი მოდის.
შესაბამისად, აბიტურიენტები იცხრილებიან. ამასთან, წეროძის განმარტებით, გაუქმდა პროგრამები, სადაც მხოლოდ თეორიული სწავლება მიმდინარეობდა და დაიწყო ახალი, პრაქტიკაზე დაფუძნებული მიმართულებების დანერგვა, რომელთა სრულად ამოქმედებისთვის ავტორიზაციის პროცედურების გავლაა საჭირო. ეს კი დროს მოითხოვს.
ირინა წეროძის განცხადებით, ცვლილებების განხორციელება უახლოეს მომავალში პროგრამებისა და სტუდენტების რაოდენობაზე აისახება და კლების ტენდენცია ზრდით ჩანაცვლდება.