საქსტატი - პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა თითქმის 15 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 14 354.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 8.7 პროცენტით.
2022 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება (29.4 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (54.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (47.9 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (70.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (8.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (13.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (18.8 პროცენტი), განათლება (18.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (7.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1 პროცენტი), მშენებლობა (7.3 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (24.9 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.8 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.0 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.3 პროცენტი), მშენებლობა (7.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5 პროცენტი).