სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე.
საქსტატის ცნობით, ფასები უმეტესწილად მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე 26.3 პროცენტით; პირად ნივთებზე, სხვა – 5.6 პროცენტით და პირად ჰიგიენაზე – 5.2 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე 4.3 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 2.9 პროცენტით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 1.5 პროცენტით.
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. 6.5 პროცენტით არის მომატებული ფასები თამბაქოს ნაწარმის, ხოლო 4.0 პროცენტით ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებელი, მიმდინარე მოვლა და შეკეთება, სადაც ზრდამ 14.4 პროცენტი შეადგინა. ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – აქაც 7.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1-პროცენტიანი კლება, რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი -19.4 პროცენტი, ბოსტნეული და ბაღჩეული -11.7 პროცენტი, პური და პურპროდუქტები -9.2 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი -3.5 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -2.5 პროცენტი. ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე 12.2 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 6.3 პროცენტით, თევზეულზე – 5.0 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 2.7 პროცენტით გაძვირდა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა.