საქსტატი - ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.1 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი). შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.1 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-2.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.4 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.0 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.3 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (2.1 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.0 პროცენტი). ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2021 წლის ნოემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.