საქსტატი - მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 33 პროცენტით მეტი მგზავრი გადაიყვანა, ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი კი 11.8 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 736.9 ათასი მგზავრი, რაც 33.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 223.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 33.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 717.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.4 პროცენტს შეადგენს და 35.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 19.5 ათასი მგზავრი, რაც 22.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 77.5 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 22.5 პროცენტი. საქსტატის ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 11.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 13.3 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.0 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე, ხოლო 56.7 პროცენტი – ტრანზიტზე.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 24.6 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75.4 პროცენტი – ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე. 2023 წლის მესამე კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.9 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 29.5 პროცენტისათვის – აზერბაიჯანი, 2.9 პროცენტისათვის – რუმინეთი, 2.6 პროცენტისათვის – თურქმენეთი, 2.0 პროცენტისათვის – ბელარუსი, 1.7 პროცენტისათვის – თურქეთი, 1.6 პროცენტისათვის – ჩინეთი, 0.1 პროცენტისათვის – ყაზახეთი.
რაც შეეხება საქართველოდან გადატანილ ტვირთებს, საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.1 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 8.7 პროცენტისათვის – რუსეთის ფედერაცია, 8.3 პროცენტისათვის – სომხეთი, ხოლო 4.4 პროცენტისათვის – აზერბაიჯანი.
2023 წლის მესამე კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.7 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 6.5 პროცენტისათვის – ნიდერლანდები, 6.0 პროცენტისათვის – იტალია, 5.1 პროცენტისათვის – ჩინეთი. ამავე პერიოდში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 7.5 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენს, 3.8 პროცენტისათვის – ჩინეთი, 1.8 პროცენტისათვის – თურქეთი, ხოლო 1.6 პროცენტისათვის – ამერიკის შეერთებული შტატები.