საქსტატი - მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, სამაცივრე მეურნეობებმა ექსპორტზე 8.3 მლნ. ლარის პროდუქცია გაიტანეს
საქსტატი - მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, სამაცივრე მეურნეობებმა ექსპორტზე 8.3 მლნ. ლარის პროდუქცია გაიტანეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 123 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17.1 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 14.6 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 13.0 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 12.2 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 26.0 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის ცნობით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 120.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36.7 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 52.8 პროცენტი – ღორი, ხოლო 9.3 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 014.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2023 წლის მესამე კვარტალში 14.9 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 32.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 37.8 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 28.0 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.4 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 10.3 ათას პირს, საიდანაც 45.1 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 091 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 34.1 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 29.0 ლარი.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 278 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც – 59.0 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.

ასევე, საანგარიშო პერიოდში მაცივრებში შენახული იყო 83.3 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 48.2 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 18.6 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 15.9 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 7.5 პროცენტი – თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2023 წლის მესამე კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 16.0 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 19.6 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 64.5 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.3 მლნ. ლარი შეადგინა. 2023 წლის მესამე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 124.9 მლნ. ლარის ღირებულების 23.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 25.3 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 29.6 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 45.2 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 54.1 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე.

საანგარიშო პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 8.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 6.7 პროცენტს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 51.2 პროცენტს, აგვისტოში – 55.4 პროცენტს, ხოლო სექტემბერში – 49.0 პროცენტს.