საქსტატი - მესამე კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება 8.9 პროცენტით გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 6.2 პროცენტით არის გაზრდილი.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ანუ ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების 1.8 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე 4.6 პროცენტიანი კლება კერძო სახლების სეგმენტში.
ხოლო, 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – კერძო სახლებზე 13.5 პროცენტით, ხოლო ბინებზე 7.3 პროცენტით.