საქსტატი - მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში 19.3 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში 19.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 19.3 პროცენტიანი ზრდა.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 10.1 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.78 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები 3.4 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 2.76 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე.

„სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.0 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.01 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე; დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 24.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 19.08 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები – ფასები გაიზარდა 14.3 პროცენტით, ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები – ზრდა 188.5 პროცენტით და ძირითადი ლითონები – ზრდა 61.2 პროცენტით; ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.95 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აცხადებენ საქსტატში.