საქსტატი - მარტში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 256 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 256.4 ლარი იყო, მარტში კი ეს მაჩვენებელი 0.4 ლარით შემცირდა და, ჯამში, 256 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, მარტში 0.4 თეთრით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 226.7 ლარს შეადგენს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.