საქსტატი - მარტში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე 1 618 შუამდგომლობიდან 670 პირს პატიმრობა, 938 პირს კი გირაო შეეფარდა
საქსტატი - მარტში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე 1 618 შუამდგომლობიდან 670 პირს პატიმრობა, 938 პირს კი გირაო შეეფარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულია საგამოძიებო ორგანოებიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე შესული 1 618 შუამდგომლობა. განხილული შუამდგომლობებიდან პატიმრობა შეეფაედა 670 პირს, გირაო 938 პირს, ხოლო პირადი თავმდებობა ექვსი პირის მიმართ იქნა გამოყენებული.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის მარტში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 928 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 143 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 7,4 პროცენტს შეადგენს.

2021 წლის მარტში პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილულია 1 299 საქმე 1 437 პირის მიმართ, აქედან განაჩენის გამოტანით განხილულია 1 216 საქმე, შეწყდა 68 საქმე, ხოლო პროკურატურას დაუბრუნდა 15 საქმე.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მარტში განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან საპროცესო შეთანხმებით განხილული იყო 800 საქმე 873 პირის მიმართ, არსებითი განხილვით დამთავრდა 416 საქმე 470 პირის მიმართ.

რაც შეეხება მსჯავრდებულთა განაწილებას სასჯელის ფორმების მიხედვით, 2021 წლის მარტში სულ მსჯავრდებული 1 293 პირიდან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 301 პირს, პირობითი მსჯავრი შეეფარდა 703 პირს, ჯარიმა შეეფარდა 169 პირს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 111 პირს, ხოლო შინაპატიმრობა ერთ პირს.