სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტია, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.4 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.3 პროცენტიანი მატება, ფასი გაიზარდა საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზეც (4.4 პროცენტი). ასევე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასები მომატებულია 1.3 პროცენტით. დაფიქსირდა გაძვირება სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფში, 2.8 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში ფასის 2.4 პროცენტიანი კლებაა, 4.4 პროცენტით გაიაფდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია.
ამასთან, უწყების განმარტებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასები გაიზარდა 14.7 პროცენტით, მათ შორის 47.1 პროცენტით გაძვირდა ხილი და ყურძენი; რძე, ყველი და კვერცხი – 24.6 პროცენტით; თევზეული – 17.1 პროცენტით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 14.5 პროცენტით; ყავა, ჩაი და კაკაო – 13.9 პროცენტით; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 13.5 პროცენტით; ზეთი და ცხიმი – 13.1 პროცენტით; მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 9.5 პროცენტით; პური და პურპროდუქტები – 9.2 პროცენტით; ბოსტნეული და ბაღჩეული 2.7 პროცენტით.
ტრანსპორტის ჯგუფში კი, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით, კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 6.9 პროცენტით.