საქსტატი - მაისში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე 1 382 შუამდგომლობიდან 544 პირს პატიმრობა, 835 პირს კი გირაო შეეფარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულია საგამოძიებო ორგანოებიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე შესული 1382 შუამდგომლობა. განხილული შუამდგომლობებიდან პატიმრობა შეეფაედა 544 პირს, გირაო 835 პირს, ხოლო პირადი თავმდებობა ერთი პირის მიმართ იქნა გამოყენებული.
საქსტატის ცნობით, 2021 წლის მაისში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1743 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 119 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6,8%-ს შეადგენს.
2021 წლის მაისში პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილულია 1018 საქმე 1161 პირის მიმართ, აქედან განაჩენის გამოტანით განხილულია 974 საქმე, ანუ 95,7%, შეწყდა 28 საქმე, დაუბრუნდა პროკურატურას 16 საქმე.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან საპროცესო შეთანხმებით განხილული იყო 630 საქმე 724 პირის მიმართ, ხოლო არსებითი განხილვით დამთავრდა 344 საქმე 383 პირის მიმართ.
რაც შეეხება მსჯავრდებულთა განაწილებას სასჯელის ფორმების მიხედვით, 2021 წლის მაისში სულ მსჯავრდებული 1072 პირიდან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 232 პირს, პირობითი მსჯავრი შეეფარდა 592 პირს, ჯარიმა შეეფარდა 164 პირს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 პირის, ხოლო შინაპატიმრობა ერთ პირს.