საქსტატი - ივნისში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 254.5 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 253.7 ლარი იყო, ივნისში კი ეს მაჩვენებელი 0.8 თეთრით გაიზარდა და, ჯამში, 254.5 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის მაისთან შედარებით, ივნისში 0.7 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 225.4 ლარს შეადგენს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.