საქსტატი - ივნისში ხილი და ყურძენი 30.1 პროცენტით გაძვირდა, ზეთი კი 8.5 პროცენტით გაიაფდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივნისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფზე.
საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.0 პროცენტით, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 15.1 პროცენტით მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, 4.9 პროცენტით – სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა და 4.7 პროცენტით – სატრანსპორტო მომსახურებაზე.
ამასთან, ფასები 1.9 პროცენტით მომატებულია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზეც, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა.
ხილი და ყურძენი 30.1 პროცენტით გაძვირდა, ბოსტნეული და ბაღჩეული – 10.2 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 3.7 პროცენტით, ხოლო შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 2.5 პროცენტით. ამასთან, 2.4 პროცენტითაა ფასები მომატებული ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე. ხორცი და ხორცის პროდუქტები 1.0 პროცენტითაა გაძვირებული. ამასთან, ფასები -8.5 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. პური და პურპროდუქტები -3.0 პროცენტით გაიაფდა, ხოლო თევზეული – -1.9 პროცენტით.
რაც შეეხება სასტუმროებს, კაფეებსა და რესტორნებს, ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 7.7 პროცენტით გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე, ხოლო ღამის გასათევით მომსახურებაზე ფასებმა 6.5 პროცენტით მოიმატა.