საქსტატი - ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი საფინანსო, სადაზღვევო, სამშენებლო, საკომუნიკაციო, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებმა შეიტანეს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი საფინანსო და სადაზღვევო სექტორმა, სამშენებლო და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სექტორმა, ასევე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორმა შეიტანეს, კლების ტენდენცია კი დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.
ამასთან, 2024 წლის ივნისში საქონლის ექსპორტი გაზრდილია 6%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 10%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, ივნისში ქვეყანაში დაახლოებით 5 500-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის რიცხვებს 18%-ით ჩამორჩება. კლება ძირითადად განაპირობა უცხოელი ინდმეწარმე რეგისტრაციის მაჩვენებლის შემცირებამ.
როგორც საქსტატში აცხადებენ, ქვეყნების მიხედვით თუ განვიხილავთ, კლება ძირითადად რუსეთზე მოდის.
საქსტატის მონაცემებითვე, 11%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 13 მილიარდ 470 მლნ ლარი შეადგინა.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რამ განაპირობა ივნისში ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდა დარგობრივ ჭრილში.
„საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდით; მშენებლობის სექტორში ზრდა განაპირობა როგორც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობამ, ასევე გაზრდილია სპეციალიზებული სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებლები. აქვე მოვიშველიებ საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი ცემენტისა და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე აღნიშნულ სექტორში საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის გაფართოებასთან; ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა გაზრდილი გახლდათ სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მიმართულებით; კლების ტენდენცია გამოვლინდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში, ეს ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან – გარკვეულწილად შემცირებულია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების მაჩვენებელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ივნისში ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტის მონაცემები დაახლოებით 70%-ით არის გაზრდილი. წარმოების შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა ტანსაცმლის მრეწველობაში“, – განაცხადა თოდრაძემ.