საქსტატი - ივლისში ხილი და ყურძენი 22.5 პროცენტით გაძვირდა, ზეთი კი 3.8 პროცენტით გაიაფდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ტრანსპორტის ჯგუფზე ფასების ცვლილებამ იქონია.
საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.4 პროცენტით, რაც 1.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 12.3 პროცენტით მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, 5.6 პროცენტით – სატრანსპორტო მომსახურებაზე და 3.3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე.
ამასთან, ფასები 1.4 პროცენტით მომატებულია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზეც, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ხილი და ყურძენი 22.5 პროცენტით გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 5.7 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 4.9 პროცენტით. ფასები 3.5 პროცენტითაა მომატებული მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე. ბოსტნეული და ბაღჩეული 2.7 პროცენტითაა გაძვირებული, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 0.9 პროცენტით. ამასთან, ფასები -3.8 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე, პური და პურპროდუქტები კი -2.5 პროცენტით გაიაფდა.
რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს: საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი – ჯგუფში ფასები შემცირებულია 2.8 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -5.3 პროცენტით არის შემცირებული ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე.