საქსტატი - იანვარში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 15.6 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - იანვარში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 15.6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით 2.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 15.6 პროცენტიანი ზრდა.

2020 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 2.5 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 1.96 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 3.1 პროცენტიანი ზრდა სასმელებზე და 9.4 პროცენტიანი ზრდა ძირითად ლითონებზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა შემდეგ ჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი (15.2 პროცენტი), რამაც 1.64 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში.

„გარდა ამისა, ფასების 13.0 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის მთლიანი ინდექსის ცვლილებაში -0.95 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 14.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 12.05 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (14.9 პროცენტი), სასმელები (9.1 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (30.9 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 20.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 2.34 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 27.8 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.82 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 10.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.41 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (13.6 პროცენტი)“,  – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.