საქსტატი - იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 0.7 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 0.7-პროცენტიანი კლება.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები 4.0 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.24 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები 1.0 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 3.7-პროცენტიანი მატება კვების პროდუქტებზე და 1.3-პროცენტიანი მატება ძირითად ლითონებზე.
გარდა ამისა, ფასების 8.7-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.93 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 0.8 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების -2.1 პროცენტიანი კლება ლითონის მადნებზე.
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 1.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -1.43 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-30.6 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (-19.4 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.72 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 4.2 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.08 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.