სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 338.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 46.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 38.9 პროცენტით შემცირდა და 158.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 33.7 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 26.3 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 17.9 მლნ. აშშ დოლარით.
უწყების ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 19.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.3 პროცენტს შეადგენს; მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 18.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 14.1 მლნ. აშშ დოლარით.