საქსტატი - იანვარ-თებერვალში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 1.5 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 526.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 65.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა და 345.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 81.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 62.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 53.8 მლნ. აშშ დოლარით და ბულგარეთი – 50.6 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს, 89.2 მლნ. აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 42.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს, 28.3 მლნ. აშშ დოლარით ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს.