საქსტატი - იანვარ-სექტემბერში საქართველოში როგორც მშენებლობაზე გაცემული ნებართვების, ისე ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა გაიზარდა
საქსტატი - იანვარ-სექტემბერში საქართველოში როგორც მშენებლობაზე გაცემული ნებართვების, ისე ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია მშენებლობის 8 169 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტით მეტია. საუბარია 6 363.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 18.0 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობით, ნებართვების 73.5 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.6 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.4 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.6 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 153.4 ათასი კვ.მ ფართობის 2 235 ობიექტი. ობიექტების რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.3 პროცენტით მეტია. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 32.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.4 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.0 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.