საქსტატი - იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 2.8 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 2.8 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 71.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით გაიზარდა და 1 720.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 343.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 280.1 მლნ. აშშ დოლარით და ბულგარეთი – 228.3 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 541.7 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 179.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 142.7 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ცხრა თვეში ყველაზე მეტად თხილის ექსპორტი გაიზარდა – 60 პროცენტით, ოქრო – 29, 5 პროცენტით, სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 14,1 პროცენტით, სპირტიანი სასმელები – 10,7 პროცენტით.

ამავე პერიოდში ყველაზე მეტად შემცირებულია ფეროშენადნობების ექსპორტი – 24,8 პროცენტით, აზოტოვანი სასუქები – 21,0 პროცენტით, მინერალური და მტკნარი წყლები – 16,9 პროცენტით.