საქსტატი - იანვარ-ოქტომბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორები კი - თურქეთი და აშშ
საქსტატი - იანვარ-ოქტომბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორები კი - თურქეთი და აშშ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილზე ყირგიზეთია 1 047.8 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებს 714.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე აზერბაიჯანია 611.0 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი 2 219.2 მლნ აშშ დოლარით, აშშ 1 596.2 მლნ აშშ დოლარითა და რუსეთი 1 481.3 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 000.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 310.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 242.0 მლნ აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 718.0 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 090.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 513.1 მლნ აშშ დოლარით.