საქსტატი - იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 1,3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 468,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7,4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 43,3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1,3 პროცენტით გაიზარდა და 2 370,5 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73,6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი 466.2 მილიონი აშშ დოლარით, თურქეთი 368.2 მილიონი აშშ დოლარითა და ჩინეთი 231.6 მილიონი აშშ დოლარით.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 310.2 მილიონი აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 236.1 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 198.1 მილიონი აშშ დოლარით.