საქსტატი - იანვარ-ნოემბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს – 787.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა სომხეთი – 710.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ყაზახეთი – 649.2 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 326.2 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 1 769.7 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 589.1 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 946.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 472.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 240.3 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 881.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 053.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 489.6 მლნ. აშშ დოლარით.