საქსტატი - იანვარ-მარტში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 235.9 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი 160.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ყაზახეთი 147.0 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი 624.6 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 458.4 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 298.9 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 443.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 83.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 72.5 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 486.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 289.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 184.1 მლნ. აშშ დოლარით.