საქსტატი - იანვარ-მარტში საქართველოში როგორც მშენებლობაზე გაცემული ნებართვების, ისე ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 492 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტია. ნებართვები სულ 2 314.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 37.0 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, ნებართვების 74.3 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.0 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 49.2 პროცენტით მეტი, 805.1 ათასი კვ.მ ფართობის 841 ობიექტი. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 39.0 პროცენტი მოდის თბილისზე, 14.6 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.7 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.3 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.