საქსტატი - იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 360.2 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 274.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 273.1 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 078.1 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 731.0 მლნ აშშ დოლარით და აშშ – 601.4 მლნ აშშ დოლარით.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 739.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 140.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 105.6 მლნ აშშ დოლარით.
საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 967.4 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 513.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 265.5 მლნ აშშ დოლარით.