საქსტატი - იანვარ-ივნისში საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა კი გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 059 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით ნაკლებია. საუბარია 3 996.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 25.4 პროცენტით აღმატება. საქსტატის ცნობით, ნებართვების 73.9 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.0 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.4 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 337.1 ათასი კვ.მ ფართობის 1 465 ობიექტი. ობიექტების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.4 პროცენტით მეტია. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.3 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.